სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ შეიქმნა.
ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, მისი მიზანია, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული არასტაბილურობის ფონზე, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სტუმრებისა და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად, გააგრძელონ ფუნქციონირება და შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები დასაქმებულებს.
ფონდი საკუთარ საქმიანობას შემომწირველთა მხარდაჭერით ახორციელებს.
შემომწირველებისთვის შეიქმნა www.ghfund.ge, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და განხორციელებული დონაციების შესახებ.
ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის პირველი მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“. კომპანიამ 400 000 ლარის ოდენობის დონაცია განახორციელა.
იმისათვის, რომ კომპანია მოხვდეს დახმარების მსურველთა სიაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი ფუნქციონირების ისტორია;
- 2023 წლიდან დღემდე იყოს დღგ-ს გადამხდელი;
- ჰქონდეს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – შპს სტატუსი;
- წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.
განაცხადის შევსება 30 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.